18 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
"ქართული ოცნების" მიერ გიორგი რურუას საქმეზე ბრიუსელში გაგზავნილ წერილს ოპოზიცია აკრიტიკებს

"ქართული ოცნების" მიერ გიორგი რურუას საქმეზე ბრიუსელში გაგზავნილ წერილს ოპოზიცია აკრიტიკებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ოცნება" მსგავსი წერილებით უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, პარალელურად კი ეს კამპანია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საკითხში ნამდვილად არსებობს პოლიტიკური ზეწოლის ელემენტი და ევროპარლამენტში ამას კარგად ხვდებიან. 

"ეს წერილი რისი დასტურია იცით, როდესაც მთელ ბრიუსელში ავრცელებენ ამას და რასაც ხელს აწერს ბატონი კუჭავა? რომ დაგეგმილი კამპანია აქვთ, ანუ ზემოდან ქვემოთ მოდის ეს ყველაფერი, რამე ის კი არ იყო, რომ ჟურნალისტური გამოძიება, დაკვეთა აქვთ. ეს წერილი იქნება მტკიცებულება მომავალში იმისი, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია.

კახა კუჭავა წერილში ევროპარლამენტარებს რურუას ვინაობაზე და მის შესაძლო დანაშაულებებზე უყვება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არ არის პარლამენტის ოფიციალური წერილი, არამედ სიახლეების წერილია, რომლის გაგზავნის პრაქტიკაც სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით აქამდეც არსებობდა. თემა კი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოპოზიციამ რურუას პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე თქვა უარი.

"ჩვენ კონკრეტულად მივუთითეთ ის ფაქტები, რაც არსებობდა. ასევე, კი იყო მითითება კონკრეტულ ფაქტებზე თუ რა საქმეები იქნა აღძრული, რომ ინფორმაცია სრულად მიგვეწოდებინა ის, ვინც მოხსენიებულია როგორც პოლიტიკური პატიმარი რამდენად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ," - განაცხადა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, გიორგი რურუას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მედიის წარმომადგენლებს დღეს განუცხადა, რომ მის ხელთ არსებული წერილის მეშვეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ევროპარლამენტის წევრებს გაუგზავნა, მრავალი ცრუ ინფორმაციაა მიწოდებული გიორგი რურუას ბრალდებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები