25 ივლისი 2021,   07:52
ვრცლად
მე არ ვარ დამნაშავე, ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა, აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს - გიორგი რურუა

დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართა. საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ და ის სამართალდამცველები, რომლებიც საკანში იყვნენ შესულები ნივთმტკიცებულებების წამოსაღებად.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა მედიას ორი დოკუმენტი გააცნეს, ერთი იყო წერილი, რომელიც ადვოკატის განცხადებით, ევროპარლამენტარებს კახა კუჭავამ გაუგზავნა.

ბრალდებულმა გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ განუცხადა მოსამართლეს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

"მინდა შევეხო ზეწოლას, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მე არ ვარ დამნაშავე. ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა. აუცილებლად ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ," - განაცხადა გიორგი რურუამ.

რურუას უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდების მიერ საკუთარი მტკიცებულებათა ნუსხიდან პირადი ნივთების ნაწილის მოხსნით დასტურდება, პოლიციელთა მხრიდან დოკუმენტების გაყალბებას ჰქონდა ადგილი.

"პირადი ნივთების ნაწილი ბრალდებამ მოხსნა საკუთარი მტკიცებულებათა ნუსხიდან, შესაბამისად ეს არ უდევს საფუძვლად გიორგი რურუას მიმართ ბრალდებას, თუმცა ამით დასტურდება პოლიციელთა მხრიდან დოკუმენტების გაყალბება. ზუსტად ასე მოხდა დოკუმენტის გაყალბება 18 ნოემბერსაც, როდესაც არ ჩატარებულა ჩხრეკა, გამომძიებელიც კი არ ყოფილა, უბრალოდ სადაც პოლიციის შენობაში გამომძიებელმა შეადგინა ყალბი ჩხრეკის ოქმი და ამ ჩხრეკის ოქმში დააფიქსირა, რომ თითქოს მას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი," - აცხადებს გიორგი საძაგლიშვილი.

საქმის პროკურორის ვასილ სამხარაძის თქმით, ცეცხლსასროლ იარაღზე დნმ-ის კვალი არსებობდა, თუმცა ადამიანის ვინაობა, ვის ეკუთვნოდა ეს დნმ-ის ნიმუში ჯერ დადგენილი არ იყო. პროკურორის თქმით, საგამოძიებო ორგანომ სასამართლოს მიმართა, რის საფუძველზეც აღებულ იქნა განჩინება, რომ აღნიშნული დნმ-ის ნიმუში გიორგი რურუას ეკუთვნოდა.

"ცეცხლსასროლი იარაღი, რომელზეც აღმოჩნდა ადამიანის დნმ-ს კვალი, თუმცა მისი ვინაობა არ იყო დადგენილი. შესაბამისად საგამოძიებო ორგანომ მიმართა სასამართლოს და აღებული იქნა განჩინება, რომ დნმ-ს ნიმუში მოპოვებული იყო გიორგი რურუასგან. გიორგი რურუამ უარი განაცხადა ამ მოქმედებაზე, არ მოგვცა დნმ-ის ნიმუში, შემდგომში იქნა სასამართლოზე მიმართული, რომ მისი პირადი ნივთების მოპოვება ყოფილიყო, რათა პირადი ნივთები შედარებულიყო იმ ცეცხლსასროლ იარაღს და შესაბამისად ამ კუთხით გარკვეული დასკვნები გაეკეთებინა გამოძიებას," - განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძე.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები