20 მაისი 2024,   09:26
ვრცლად
"ქურდები" უკვე ცოლ-ქმარს შორის დავას არჩევენ - ელმირა და ვასილ წულაიების უთანხმოების გამო გისოსებს მიღმა 7 პირი აღმოჩნდა

ყოფილ მეუღლეებს შორის არსებული ფინანსური დავა ჯერ "ქურდულ სამყარომდე", შემდეგ კი მართლმსაჯულებამდე მივიდა. ყოფილ ცოლ-ქმარ წულაიებს შორის 9 ათას ევროზე დაწყებულ კონფლიქტში დანაშაულის ნიშნები მაშინ გამოიკვეთა, როცა ორივე მხარემ დავის მათთვის სასარგებლოდ გადასაწყვეტად საქმეში კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირები ჩართო.

ყველაფერი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, როცა ელმირა წულაიამ ახლობელ მირზა მირზიაშვილს მიმართა და ყოფილი მეუღლისგან ვალის დაბრუნებაში დახმარება სთხოვა, ამ მიზნის სისრულეში მოსაყვანად მირზიაშვილმა საქმეში ჩართო თურქეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი ჯეირან კინწურაშვილი, მეტსახელად "ჯეირან ხონსკი". უკანონო გარჩევები ბათუმში შედგა, რა გზითაც ელმირა წულაიას მეუღლეს ქურდული სამყაროს წევრებმა თანხის გადახდა დააკისრეს. ბრალის დადგენილების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ის გადაწყვეტილება არ დაემორჩილებოდა, მას დაემუქრნენ.

ამ გარჩევის შემდეგ საქმის ერთი ეპიზოდი დასრულდა, მაგრამ გახდა მიზეზი კიდევ ერთი დანაშაულის. ელმირა წულაიას მეუღლე - ვასილ წულაია, რომელიც ე.წ. ქურდულმა სამართალმა გაამტყუნა, ამავე საქმეში ითხოვს ჩაერთოს კიდევ ერთი "კანონიერი ქურდი" ავთანდილ სიხარულიძე.ამისთვის ელმირა წულაიას ყოფილი მეუღლე თურქეთშიც გაემგზავრა, სადავო საკითხზე საქმის კურსში ჩააყენა კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირი და დაინიშნა კიდევ ერთი უკანონო გარჩევა. აქ დავა, ამჯერად, ყოფილი ქმრის სასარგებლოდ დასრულდა.

დაკავებულ ვასილ წულაიას ოჯახის წევრები არ საუბრობენ იმ საქმეზე, რომელიც საფუძველი გახდა, რომ 10 ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. ბრალდებული, რომელმაც ყოფილ ცოლთან საქმის გასარკვევად, კრიმინალურ სამყაროს მიმართა, დღეს დუმილის უფლებას იყენებს.

თბილისსა და ბათუმში ჩატარებულ დაკავების ოპერაციებს წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი საგამოძიებო პროცესი. მათ შორის ისმენდნენ სატელეფონო საუბრებს, რომლის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაასაჯაროვა.ამ აუდიომასალაში ფიგურირებენ დაპირისპირებული მხარეები. მათ შორის, ასახულია, როგორ გეგმავს ელმირა წულაიას მხარე თურქეთში გამგზავრებას მას შემდეგ, რაც მეორედ შემდგარ გარჩევაზე დავა ყოფილი ქმრის სასიკეთოდ გადაწყდა. საუბრებში ფიგურირებს თავად მირზა მირზიაშვილი, რომელიც პირადად ესაუბრება კრმინალურ ავტორიტეტს კოტო აბაშიძეს. აბაშიძე, თავის მხრივ, ცნობილი კანონიერი ქურდის - ლავასოღლის გარემოცვის წევრია. 

ცოლ ქმრის კონფლიქტის გარჩევის საქმეზე დაკავებულია 7 პირი. 3-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 

უკანონო ორი გარჩევის შედეგად, ქურდული სამართლის მიხედვით მოგებული დარჩა ორივე მხარე. თუმცა წინ მთავარი სასამართლო პროცესებია, რომელიც განსაზღვრავს ვის და რამდენი წლით გაუშვებს პატიმრობაში. ფინანსური დავა კი მეუღლეებს შორის ისევ მოსაგვარებელია.

დღის ამბები