12 სექტემბერი 2026,   11:17
ვრცლად
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა - ადვოკატი

ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 17 პირისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ. ისინი მცხეთისა და თბილისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები. მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომლის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციითაც, მცხეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფიზიკურად იძალადეს და ადგილი ჰქონდა ზეწოლას. 

"ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა პოლიციელებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მოხვდა თავში, მოხვდა ზურგში. ხელი დაარტყეს და ამას მშობელიც ადასტურებს, რომელიც ესწრებოდა. მას ედავებიან თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. გეტყვით, რომ არ იმ "ტოიოტას" მგზავრების მიერ არ მომხდარა იმ მოწმის გატაცება, რომელსაც აფასებენ ოქროს მოწმედ, რომელიც არის ამირხანაშვილი. არც ხელკეტი და არავითარი მსგავსი ნივთი არ ეჭირა,"-აცხადებს ადვოკატი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ მომხდართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ თუ ფაქტი არ დადასტურდა, ავტორს მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, თუ რა გახდა მისი განცხადების საფუძველი. 

"ეს განცხადება საჭიროებს შესწავლას და უნდა მოხდეს ამ ფაქტების და გარემოებების შესწავლა. თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა,"-განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. "კურიერმა" დაკავებულების ნაწილის ვინაობა გაარკვია. ესენი არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები ნიკა ჟვანია, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე; ასევე, თენგო ბარბაქაძე და საბა ჩხარტიშვილი; დაკავებულებს შორის არიან ირაკლი მუმლაძე და ვახო ჩიქოვანი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს. 

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 

დღის ამბები