გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე პირი პატიმრობაშია. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოსამართლემ დღეს თითქმის რვა საათიანი პროცესის შემდეგ გამოუტანა.
დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათი განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. უფლებადამცველების თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ყველა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 ბრალდებულის პატიმრობასთან დაკავშირებით სამარცხვინოა და ახალგაზრდა სპორტსმენებს ამით კარიერა ენგრევათ.
"დღევანდელი გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო. სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ და სამარცხვინოა, რომ ახალგაზრდა, 19-20 წლის სპორტსმენ ბიჭებს კარიერა ენგრევათ იმის გამო, რომ ვინმემ რამე არ იფიქროს,"- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
დაცვის მხარისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდებას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლომ დღეს ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, არსებობდა რეალური რისკები როგორც მიმალვის, ასევე ნივთმტკიცებულებების გაქრობის, ამიტომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.
"დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობდა იმის საფუძველი, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოეყენებინა. არ არის სრულყოფილი ინფორმაცია ამ დრომდე გამოძიებისთვის მიწოდებული. შესაძლებელი იყო ნივთმტკიცებების გაქრობის შანსი და ა.შ."- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, 19 ივნისის ღამეს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს, რომელთაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.