19 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
ფოთში ცემით მოკლული ვაჟა ტყებუჩავას მამა "კურიერთან" აცხადებს, რომ მათზე თავდასხმა ე.წ. კანონიერი ქურდი "ბონჩოს" დაჯგუფებამ განახორციელა

ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა ცოტა ხნის გადაასვენეს. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები, რამდენიმე ადამიანმა ცემის შედეგად მიაყენა. ყველა პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფოთში საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. გაჩხრიკეს ავტომობილიც, რომლითაც სავარაუდოდ ჩხუბში მონაწილე პირები სარგებლობდნენ. ამოღებულია მტკიცებულებები.

"კურიერმა" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაარკვია, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ჯუმბერ ბაირამიდს, მეტსახელად ბონჩოს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში მოკლული 43 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ახლობლები ამტკიცებდნენ, რომ არ იცოდნენ თუ ვინ გაუსწორდა ფიზიკურად 43 წლის მამაკაცს და ვინ იყვნენ ინციდენტში მონაწილე პირები, ცოტა ხნის წინ, გარდაცვლილი მამაკაცის მამამ "კურიერთან" დაადასტურა, რომ ეს ე.წ. კანონიერი ქურდი იყო, მეტსახელად ბონჩო და მისი დაჯგუფების წევრები მისი ნდობით აღჭურვილი წევრები იყვნენ, რომლებმაც მისი შვილი ხელკეტებით სცემეს და ასევე მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

რაც შეეხება მოტივს, "კურიერის" ინფორმაციით, ეს არის ე.წ. კანონიერ ქურდსა და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ პირს შორის წარსულში მომხდარი უთანხმოება. საუბარია რუსლან გეგენავაზე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. სწორედ მასთან დაახლოებული პირი იყო 43 წლის მამაკაცი. შურისძიების მიზნით კანონიერი ქურდის ნდობით აღჭურვილმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და იმ დონეზე სცემეს, რომ ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოკლული ვაჟა ტყებუჩავას მამა გივი ტყებუჩავა "კურიერთან" აცხადებს, რომ ბაირამიდის დაჯგუფების წარმომადგენლები მათ თავს დაესხნენ და შვილი ხელიდან გამოსტაცეს. მისივე თქმით, მას დაზიანებები მანქანაში ყოფნისას და შემდგომაც მიაყენეს.

"დადის ასეთი ბანდა ფოთში, იმ ბაირამიდების დაჯგუფებული და დუბინკებით, იარაღებით და ვინც არ მოეწონება სცემენ. ჩემს შვილს მასთან უთანხმოება ჰქონდა," - აცხადებს მოკლული მამაკაცის მამა გივი ტყებუჩავა.

ფოთში 43 წლის მამაკაცის მკვლელობაში მონაწილე პირებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 

დღის ამბები