სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ადგილობრივები სასმელი წყლით უზრუნველყოფას მოითხოვენ. მათ დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
სოფლის მოსახლეობის თქმით, წყლის გარეშე დარჩენილ 150-მდე ოჯახს ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს.
აქციაზე მივიდა სიღნაღის მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი. მერის მოადგილის თქმით, სიღნაღის სოფლების წყალმომარაგებისთვის ბიუჯეტიდან 27 მილიონია გამოყოფილი და რვავე სოფელი მიიღებს წყალს.
"სოფელს სჭირდება ტექნიკა, რომ მოგვარდეს პრობლემა. ორშაბათს ეს ტექნიკა იქნება მობილიზებული და ის პრობლემა, რაც ამ ჭაბურღილზე არსებობდა, აღარ იქნება. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ზოგადად, არამხოლოდ ანაგაში, ზოგადად ყველა სოფელშია პრობლემა და სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 27 მილიონი სწორედ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგებისთვის არის გამოყოფილი, რომლის განხორიცელება ამ წელსვე დაიწყება და შესაბამისად, რვავე სოფელი მიიღებს წყალს," - განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.