15 აგვისტო 2020,   08:50
ვრცლად
შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - "კურიერმა" 18 ივნისის წვეულების მონაწილეთა მობილური ტელეფონებიდან მიმოწერები გაშიფრა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთი პირი იკითხება. სხვა მოწმეები კი ისევ დუმილს ამჯობინებენ. ახალგაზრდები, რომლებიც ტრაგედიის პირდაპირი მოწმეები არიან, ისევ არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რატომ ჰყვებიან ერთი დანაშაულის რამდენიმე ვერსიას.

მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირების გამოკითხვა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელახლა დაავალა, "კურიერი" ისევ შეეცადა მოეპოვებინა არგუმენტები - რეალურად რის საფუძველზე ჰყვებიან ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს.

საქმის მასალების მე-13 ტომში, ამოღებულია 8 ბრალდებულის პირადი ინფორმაცია მობილური ტელეფონებიდან. საუბარია, როგორც მიმოწერებზე, ასევე სატელეფონო ზარებზე, ფოტოებზე და ვიდეომასალებზე. "კურიერმა" კი მისი ნაწილი გაშიფრა.

გიგა ტატიაშვილის ტელეფონში პირველი ზარი ღამის ინციდენტის შემდეგ, 8 საათსა და 20 წუთზე ხორციელდება, რა დროსაც მას ანი გაბეჩავას მამა უკავშირდება. აღნიშნული საუბრის შემდეგ, ტატიაშვილი ურეკავს მის მეგობრებს და შემდეგ მასთან ზარს გიორგი შაქარაშვილის და - ანა შაქარაშვილი ახორციელებს. ზარის დასრულების შემდეგ, ტატიაშვილი საკუთარ მამას 20-ჯერ ურეკავს. მასალებით ასევე ირკვევა, რომ გოჩა ჩიქოვანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც მან აგარაკზე თავის დაზიანება მიიღო.

აღნიშნულ მასალებს თან აქვს დართული 18 ივნისის ღამის წვეულების ვიდეოკადრებიც. ამასთან, ამოღებულია მიმოწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრებიან ბრალდებულები საკუთარ მეგობრებს 18 ივნისის ღამის შესახებ. 

დღის ამბები