26 დეკემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ნაკლებ სარწმუნოა, რომ ერთი პიროვნების ზემოქმედებით მოხდეს ამ ყველა დაზიანების განვითარება - ალექსანდრე გეჯაძე შაქარაშვილის საქმეზე

შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები სიცოცხლეშივე რამდენიმე ბლაგვი საგნით, რამდენიმე პირმა მიაყენა - აღნიშნულ კითხვას "დღის კურიერის" ეთერში დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე პასუხობს.

ალექსანდრე გეჯაძე კითხვაზე ცალსახა პასუხს არ იძლევა, თუმცა მისი თქმით, ნაკლებად სარწმუნოა, რომ გიორგი შაქარაშვილისთვის მიყენებული ყველა დაზიანება ერთი პიროვნების ზემოქმედებით მომხდარიყო.

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორის განცხადებით, აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ამისთვის გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე უნდა მუშაობდეს, თუ რა პირობებში მოხდა დაზიანებების მიყენება.

"დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, მოითხოვს გამოძიების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, ანუ გამოძიება უნდა გავიდეს ან ერთ, ან მეორე, ან რამდენიმე ვერსიაზე, რა პირობებში მოხდა ეს, რა ვითარებაში მოხდა, ამიტომ ასე კონკრეტულად ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია.

ფაქტი ერთია, რომ ადგილი ჰქონდა ბლაგვ ტრავმას, რასაც მე ადრეც არაერთ ტელესივრცეში ვსაუბრობდი.

ძირითადში დაზიანებები ლოკალიზდება სახის მიდამოში და რაც ყველაზე ღირებულია და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, მიმყენებელი ფაქტორის სიძლიერის ხასიათის გათვალისწინებით, განლაგებულია რეტროპერიტორიალური გემატომების სახით და მცირე მენჯის წინა კედელზე გემატომის სისხლჩაქცევების სახით.

დადგენა იმისა, ერთმა პიროვნებამ მიაყენა დაზიანება თუ რამდენიმემ, ეს გამოძიების დასადგენი ფაქტია.

შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლებ სარწმუნოა, ერთი პიროვნების ზემოქმედებით მოხდეს ამ ყველა დაზიანების განვითარება.

დაზიანებების ლოკაციები, მათი მორფოლოგიური სურათი, სიმრავლე სხეულის სხვადასხვა ზედაპირებზე, წინა და უკანა ზედაპირებზე მოქმედებდა და ზემოქმედებას ახდენდა რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგანი, დამზიანებელი ფაქტორი საკმაო ძალის ზემოქმედების ფორმატში, თუ შეიძლება ასე ითქვას.

რკინის ხელკეტი არის მკვრივი, ბლაგვი საგანი, რომელსაც აქვს სიგრძივი ფორმა, მიაქციეთ ამას ყურადღება და საკმაოდ მკვრივი კონსისტენცია. შესაბამისად, საკმაო ძალის ზემოქმედების შემთხვევაში თუ რკინის ხელკეტზეა საუბარი ამ ფორმის, მას მაღალი ალბათობით, უნდა დაეტოვებინა გარკვეული სიგრძივი ფორმის რელიეფის მქონე სისხლნაჟღენთი მაინც კანზე.

ამიტომ ცალსახად, რა კუთხის ზემოქმედებას ახდენდა ის რკინის საგანი, ან იყო თუ არა ეს რკინის საგანი, როგორც დაზიანების მიმყენებელი, ამაზე მსჯელობა ახლა ნაადრევია. ბუნებრივია მიმდინარეობს გამოძიება და აღებულია სხვადასხვა მტკიცებულებები და ამაზე ჯერ კონკრეტულ პასუხს ვერ მოგცემთ," - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

დღის ამბები