22 დეკემბერი 2024,   06:59
ვრცლად
ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ბარათებიდან თანხის დაუფლება - შსს-მ 5 პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ა.კ., 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ., 1975 წელს დაბადებული კ.მ. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. დააკავეს. ასევე, დაუსწრებლად პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ.მ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლებაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე მ.მ.-მ და ა.კ.-მ უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფარულად დაეუფლნენ 23 მოქალაქის კუთვნილ თანხებს. უკანონოდ დაუფლებული თანხების განაღდებაში კი მათ მ.მ., კ.მ., თ.პ. და გ.ჯ. ეხმარებოდნენ. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, ჯამში, 72 000 ლარი შეადგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები