ისევ ონლაინ, შერეული მოდელით თუ ტრადიციულად, ფიზიკური დასწრებით - სასწავლო წლის დაწყებამდე 2 თვით ადრე უცნობია როგორ განახლდება სწავლის პროცესი. ჯანდაცვის სამინისტროს ვარაუდია, რომ ფორმატი შერეული იქნება.
განათლების სამინისტრო სწავლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერს, სივრცედ კი საკლასო ოთახს ასახელებს. თუმცა იმ დათქმით, რომ ყველაფერი იმ დროისათვის არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
ახლა მთავარი კითხვაა, როგორ უნდა გააგრძელონ სექტემბრიდან სწავლა დისტანციური განათლების მიღმა დარჩენილმა მოსწავლეებმა. ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებს ინტერნეტზე ერთნაირი წვდომა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, განათლების ექსპერტები ფიქრობენ, რომ სწავლის ფორმატი სკოლებისთვის ინდივიდუალური უნდა იყოს. სამინისტრომ უნდა შეაფასოს რამდენად იძლევა კონტიგენტის მასშტაბი სოციალური დისტანცირების დაცვას, ხერხდება თუ არა მათი კლასტერებად დაყოფა და როგორი წვდომა აქვთ მოსწავლეებს ინტერნეტზე.
სასკოლო სივრცეში რეალურად შესრულებადი მინიმალური სტანდარტის განსაზღვრას ითხოვენ სასწავლო დაწესებულებები. სკოლების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უნივერსალური და დეტალურად გაწერილი მოთხოვნების შედგენა შეუძლებელია.
კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლება დისტანციურ-ონლაინ ფორმატზე იყო გადასული. ახლა საუბარი ამ ფორმატის სანახევროდ შენარჩუნებაზეა.