18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ფემიციდი და ქალებზე ძალადობის მძიმე სტატისტიკა - სექტემბრიდან მოძალადეების ელექტრონული მონიტორინგი დაიწყება

26 წლის სალომე ბოხუას სიცოცხლე შემაკავებელმა ორდერმა ვერ გადაარჩინა. სამტრედიის საჯარო რეესტრში განქორწინების დოკუმენტის გასაფორმებლად მისულ ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ დარბაზშივე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გიგა აბრალავასთვის მიახლოებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ფურცელზე დარჩა და დაცვის ეფექტური მექანიზმი ვერ აღმოჩნდა.

სწორედ ამ ტიპის შემთხვევებზე, როდესაც ძალადობის გამეორების რისკები არსებობს, სექტემბრიდან მოძალადეების სამაჯურით მონიტორინგი დაიწყება. გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ სისტემამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა უფრო ეფექტიანი გახადა და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა.

მოძალადის ელექტრონულ კონტროლს მიესალმებიან ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. თუმცა, უფლებადამცველების შეფასებით, ასეთი მექანიზმების პარალელურად მნიშვნელოვანია ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება და ნებისმიერ სივრცეში უთანასწორო გარემოს შეცვლა.

სახალხო დამცველი საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობს. ამ გამოცდილების მიხედვით, მოძალადეების ელექტრონული კონტროლი ძალადობის პრევენციისათვის ეფექტური მექანიზმია. ომბუდსმენის შეფასებით, მხოლოდ შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ხშირად მსხვერპლის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

გადაწყვეტილების შემთხვევაში კონტროლზე დაქვემდებარება სავალდებულოა და თავის არიდება კიდევ ერთ სისხლის სამართლის პასუხისგებას გამოიწვევს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი ამბობს, რომ სამაჯურით კონტროლის დაწესებისას ისინი მოძალადის დანაშაულებრივ ისტორიას და ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტებს გაითვალისწინებენ.

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას პოლიცია მიიღებს, შესაბამისი ოქმი სასამართლოს დასამტკიცებლად 24 საათში უნდა წარედგინოს.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ, რომელშიც განსაზღვრული იქნება პირველი და მეორე რადიუსი - პირველი რადიუსის დარღვევის შემთხვევაში, როგორც მსხვერპლს, ისე მოძალადეს მიუვა შეტყობინება, რომ ერთმანეთს ერიდონ, ხოლო მეორე რადიუსის დარღვევის დროს ავტომატურად ჩაერთვება საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ადგილზე მივა.

დღის ამბები