18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
სოფელ ყარაჯალარში მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს, 350 ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი - დავით ბეგაშვილი

რუსთავის საზოგადოებრივის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალარში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. როგორც მან "დღის კურიერში" განაცხადა, აღებულია 350 ნიმუში, ხოლო ტესტირების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. 

"ეს კერები გახლავთ გარდაბნის რაიონის ორი სოფელი, სადაც 24 ადამიანია დაინფიცირებული. ეს გახლავთ სოფელი ყარათაკლია და სოფელი ყარაჯალარი. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ყარაჯალარში და ზუსტად ამის გამო, ის მასობრივ ტესტირება, რომლის გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, დავიწყეთ ამ სოფლიდან. დღეს გახლავთ ტესტირების პირველი დღე.

ამ დროისთვის, აღებულია, დაახლოებით, 350 ნიმუში, რომელიც დღის ბოლოს გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, ხოლო ხვალ გვეცოდინება პასუხები.

იყო გარკვეული შეფერხებები, მოსახლეობიდან მოდის კითხვები საკარანტინო სივრცეში გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამსახურები, ისე ადგილობრივი თვითმმართელობა, რეგიონალური სამსახური, თავად ბატონი გუბერნატორი ჩართულია ამ პროცესში, მოხდა მოქალაქეებთან კომუნიკაცია, გასაუბრება, ინფორმაციის მიწოდება, რის შედეგადაც ყველა გადასულია საკარანტინო სივრცეში,"- განაცხადა დავით ბეგაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა. საერთო ჯამში, 24 ინფიცირებულია, ხოლო 94 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. კონტაქტების კვლევის მიზნით რაიონში დღეს დილიდან 6 ბრიგადა მუშაობს.

დღის ამბები