18 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
ჩაიკეტება თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტი - ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მიუხედავად გარდაბანი ჯერჯერობით არ ჩაიკეტა. რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის მართვას სპეციალისტები ფართომასშტაბიანი თერმოსკრინინგით და გაფართოებული ტესტირებით შეეცდებიან. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ახლა სწორედ გარდაბანში ფიქსირდება. ეპიდემიოლოგები რეგიონში რამდენიმე კლასტერზეც საუბრობენ.

24 ინფიცირებულიდან 14 ყარაჯალარშია, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 4 ათასს შეადგენს. მაღალი რისკის გათვალისწინებით და ეპიდ. ვითარების კონტროლის ეფექტიანი მართვისთვის სოფელში მოსახლეობის გაფართოებული კვლევები ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფმა დილიდან დაიწყო.

ინფექციონისტებმა PCR ტესტისთვის ბიოლოგიური მასალა დააახლოებით 700 ადამიანისგან აიღეს. კვლევები მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც.

ფართომასშტაბიანი ტესტირება, აქტიური თერმოსკრინინგი და აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა - ეპიდ აფეთქების ჩახშობის საუკეთესო გზაა. სპეციალისტები მუნიციპალიტეტში კონტროლის გამკაცრების საჭიროებას ჯერ ვერ ხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის წითელ ზონად გამოცხადება ეპიდემიოლოგების პასუხებსა და ინფიცირებულთა რიცხვზე გადის.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ბოლო 10 დღეში გაიზარდა. ვირუსის ბოლო 24 შემთხვევა სწორედ გარდაბანში დაფიქსირდა. შესაბამისად მუნიციპალიტეტში ინფიცირებულებთან პირდაპირი და ირიბი კავშირების მოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, 4 შემთხვევაში უცნობია ინფიცირების წყარო.

ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგად, რაიონიდან ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი.

დღის ამბები