დაპირისპირება კინოცენტრის გარშემო გრძელდება - შენობასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. დაპირისპირებული მხარე კინოცენტრის დირექტორის გადადგომას მოითხოვს, რაზეც კულტურის სამინისტროს მიმართავენ.
რეჟისორების ნაწილმა აქცია თავდაპირველად ეროვნულ კინოცენტრთან გამართეს, შემდეგ კი კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. მათი განცხადებით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორს, გაგა ჩხაიძეს კინოცენტრში მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
რეჟისორ გია კაჭარავას განცხადებით, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი თავის პოსტს და გავლენას ბოროტად იყენებს და ამბობს, რომ ის ეროვნული ფილმების გადაღებას ხელს უშლის.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ კონკრეტულად დადგეს საკითხი, როდესაც კინოცენტრის დირექტორმა ჩაიდინა დანაშაული, პასუხს არავინ არ სთხოვს, მოვთხოვთ ჩვენ და კინოცენტრის დირექტორი უნდა გადადგეს ჩადენილი დანაშაულისათვის. ეს კონკრეტულად გაჟღერდა იმაში, როდესაც მან გამოიყენა ბოროტად თავისი თანამდებობა და პირდაპირ მიუთითა ჟიურის წევრებს, რომ ეს დაფინანსდეს, ეს არ დაფინანსდეს. ამის უფლება არა აქვს. წელს ჩვენგან შემოტანილ პროექტს, რომელიც მეშვიდეჯერ შემოვიტანეთ კინოცენტრში, კონკრეტულად დაბლოკა," - აცხადებს რეჟისორი გია კაჭარავა.
ბრალდებებს უარყოფს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი გაგა ჩხაიძე. ის "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ კომისიის მუშაობაში არ ერევა, ჟიური კი დაკოპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.
"კომისია მუშაობს დამოუკიდებლად. დირექტორს უფლება არა აქვს ჩაერიოს, ან ზეწოლა მოახდინოს კომისიის წევრებზე. კონკურენცია ძალიან დიდია. კაჭარავა მონაწილეობდა კიდევ რამდენიმე კონკურსში და ყველა კონკურსში სადღაც 50%-ს აგროვებდა გამსვლელი ქულის, ამიტომაც ვერ დაფინანსდა. კინოცენტრი მთლიანად მოქმედებს კანონის საფუძველზე და შექმნილია კინოს დახმარების კანონის საფუძველზე," - აცხადებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე.
მისივე განცხადებით, კინოცენტრში კონკურენცია დიდია, ხოლო კინოცენტრს მცირე დაფინანსება აქვს.