19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

ხმაური იყო გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც მოძრაობა "გაბედესა" და "შეცვალეს" აქტივისტებმა ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებზე პოლიციელების რეაგირების არაეფექტიანობა გააპროტესტეს.

აქტივისტებს ღობეზე წითლად შეღებილი ხელთათმანების დატოვება სურდათ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

გზის სავალ ნაწილზე გააკეთეს წარწერები, რის გამოც რამდენიმე პირი დაჯარიმდა, დაუმორჩილებლობისთვის კი დააკავეს სამი პირი, ისინი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"დაგვიჭირეს მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გამოვხატავდით პროტესტს. ჩვენი პროტესტი არის ლეგიტიმური. ვხედავთ, რა ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. ზოგს სად პოულობენ მოკლულს, ზოგს მანქანაში, ზოგს მდინარეში და ა.შ.

სანამ ეს ვითარება იქნება ქვეყანაში, ეს პროტესტი იქნება,"- ამბობს "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა. 

"ახალგაზრდები იკარგებიან, უჩინარდებიან და იმის ნაცვლად, რომ პოლიცია ეფექტურად იძიებდეს ამ საქმეებს, დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და პოლიტიკურ პოლიციად არის ქცეული. 11 პოლიციელი ადგენდა დაკავების ოქმს და ჯობია, სამოქალაქო აქტივიტების დევნის ნაცვლად, მიხედოს საკუთარ საქმეს,"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "შეცვალეს" აქტივისტი ოთო შენგელია.

"ქვეყანაში არის უსამართლობა. ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა უკვე, რომელიც არის ბურუსით მოცული და კაციშვილმა არ იცის რა მოხდა. ბევრი საქმეა გამოუძიებელი და თაროზე შემოდებული. პოლიციამ აქტივისტების დევნის ნაცვლად, ჯობია, გამოიძიოს საქმეები და გამოავლინოს ხელის დამფარებელი,"- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

დღის ამბები