ძებნის მეშვიდე დღე - მესტიაში მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 13 წლის ბიჭის კვალის მიგნება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მაშველები მოზარდს სპეციალური ტექნიკით, მათ შორის დრონების საშუალებითაც ეძებენ.
პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენიც.
"დაბნეულობაა იმ კუთხით, რომ გაურკვეველია, ოდნავი მისამართი მაინც არ ვიცით საით ვეძებოთ. არ გაჩერებულა ერთი წუთით არც სახელმწიფო სამსახურები, არც სოფლის მოსახლეობა, არც არავინ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, შედეგი არ გვაქვს. აეროპორტიდან დაწყებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა კამერა გასინჯულია," - აცხადებს მესტიის მერის წარმომადგენელი ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში მურთაზ გულედანი.
13 წლის ილია ფილფანი სახლიდან შაბათს დილით ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს.