ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსახლეობაა შეკრებილი - მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებაა და ისინი "სათათბიროდ შეიკრიბნენ."
დაპირისპირება პანკისის ხეობაში გუშინ დაიწყო - გავრცელებული ინფორმაციით, მატანში მცხოვრები ახალგაზრდები სოფელ დუისში ქათამს დაეჯახა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.
"ჩვენთან არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ არც პანკისის მოსახლეობას, არც მატნის მოსახლეობას. არ მოუმართავთ პირადად, როგორც მერისთვის.
ვაკვირდებით პროცესებს და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ქარუმაშვილმა.
პანკისის ხეობის უხუცესი შალვა დუიშვილი ამბობს, რომ სოფლების მოსახლეობას შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო და ეს პრობლემაც, ასევე, მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
"ჩვენ ყოველთვის, ოდითგანვე ძმობა და მეგობრობა გვქონია, ასე უნდა გაგრძელდეს. ეს წარმოშობილი პრობლემა მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. სხვა გზა არ არსებობს," - ამბობს დუიშვილი.