19 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ყარაჯალარი სოფელი, რომელიც კოვიდ-19-ის პირობებში მეორედ ჩაიკეტა - გამკაცრდება თუ არა ზომები სოფელში უფრო მეტად

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ხელმეორედ ჩაიკეტა. გადაწყვეტილების მიმღები პირები ორ მთავარ მიზეზზე საუბრობენ - პირველი არის ის, რომ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ბოლო კვირის განმავლობაში მოიმატა, მეორე კი ტესტირების პროცესში სოფლის მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა.

ამჯერად დაახლოებით 5 000 ადამიანი ტესტირებას უკვე სავალდებულო რეჟიმში გაივლის. ამ პროცესს მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. მანამდე ყველა შესასვლელს და გასასვლელს პოლიცია გააკონტროლებს. ბლოკპოსტების გავლა მხოლოდ სადისტრიბუციო მანქანებს შეეძლებათ, რათა სოფლის პროდუქტებით მომარაგება და ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობა არ შეფერხდეს.

ამ ეტაპზე ყარაჯალარის გარდა სხვა სოფლების ჩაკეტვის საჭიროება არ იკვეთება, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კონტროლი სხვა მიმართულებით გამკაცრდა. ამ შემთხვევაში საუბარია სავაჭრო სივრცეებზე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი "ლილო მოლის" მოვაჭრისთვის COVID-19-ის დადასტურებაა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, მისი კონტაქტები კი უცნობია. უკვე დღეიდან სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულებს და მათ მომხმარებლებს ურთიერთობა გამკაცრებული წესებით უწევთ.

თუ მომხმარებელს მხოლოდ უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევალება, მოვაჭრეების შემთხვევაში აუცილებლობას პი სი არ ტესტის გავლაც წარმოადგენს. დარღვევის შემთხვევებში შრომის ინსპექცია კანონით გათვალისწინებულ სანქციებსაც გამოიყენებს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა შედარებით მზარდია. თუ გასულ კვირას ყოველდღიურად საშუალოდ 5 შემთხვევა დასტურდებოდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 20-ს მიუახლოვდა. არის შემთხვევები, როდესაც ინფიცირების წყაროს, ან კონტაქტების დადგენა ვერ ხერხდება. ამ ფონზე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები საზოგადოებას შეახსენებენ, რომ ინფექცია ისეთივე საფრთხეა, როგორიც აქამდე იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები