30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, 24:00 საათიდან 04:00 საათამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატესტო რეჟიმში მოძრაობასთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირი ვარაზის ხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე ჩაიკეტება - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"თუ ამინდებმა ხელი არ შეგვიშალა, პროცესი რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება და 30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, ღამის 12:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე, ვარაზის ხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება იმ მოტივით, რომ ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რათა სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ აღნიშნული მონაკვეთი. ეს მოხდება სამი დღის განმავლობაში.
პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება უკვე ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. რა თქმა უნდა, ამას ექნება ადაპტაციის პერიოდი, გარკვეული დრო დასჭირდება და ყველანაირად დავეხმარებით მძღოლებს, რომ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით,"- განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს არ გულისხმობს და ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებსაც მოიცავს.
"მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ნუ განვიხილავთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს – ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილი და აბაშიძე, ეს არის ერთი დიდი კლასტერი. როდესაც ხდებოდა სქემების დამუშავება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზუსტად ისე გადანაწილება, როგორც არის დღეს, გამზირის შუა ნაწილშია ავტობუსის ზოლები, რათა შეუფერხებლად მოხდეს მოძრაობა, ყველაფერი არის დათვლილი, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ შეიქმნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფერს შევხედოთ, როგორც ერთ ძალიან დიდ სივრცეს,"- განაცხადა კახა კალაძემ.