განადგურებული ინფრასტრუქტურა, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები და ევაკუირებული მოსახლეობა.
რაჭა სტიქიის ზონაა, საგანგებო შტაბი ზარალს ითვლის. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, მოეწყო რამდენიმე შემოვლითი გზა.
სახიფათო ზონებიდან მოქალაქეების გამოყვანა დილიდან განახლდა. ასევე განახლდა რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდებაც.
წინასწარი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ზარალი რამდენიმე მილიონია.
"განახლებულია როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სამაშველო სამუშაოები. ვერტმფრენები მუდმივად ადგილზე არიან და უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების რაიონულ ცენტრში გადმოყვანას. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და საგანგებო შტაბი პრემიერ-მინისტრის დავალებით,"- აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე.
"ოთხ მუნიციპალიტეტს ონიდან უწერამდე აღუდგა საგზაო კავშირი. არის გარკვეული უბნები, სადაც მოწყობილია შემოვლითი გზა. არის მნიშვნელოვანი სამუშაოები გასაწევი, რომ აღდგეს ონის წყალმომარაგება," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.