იყო თუ არა გამოყენებული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი იმ დღეების განმავლობაში, როცა ახალგაზრდა ქალს მაშველები ეძებდნენ - ეს არის დღეს დაზარალებული ოჯახის მთავარი ეჭვი.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, გარდაცვლილის პირადი კომპიუტერიდან, საქმით დაინტერესებულმა პირებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაშალეს.
"კომპიუტერთან დაკავშირებით კლონირება დასრულდა, ახლა მიმდინარეობს დეშიფრაცია. აღნიშნული კომპიუტერი ჩემს თვალწინ დაილუქა. ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ მე ვაპირებ ხელმეორედ ამ კომპიუტერის გადამოწმებას, 18 ივლისიდან 28 ივლისამდე ხომ არ მომხდარა ჩართვა და შემოწმება,"- განაცხადა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად საქმე, რომელსაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადაეცა. იგეგმება შეხვედრაც ოჯახის წევრებსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შორის.
"ჩვენი მოთხოვნა იყო, ეს კარგია, წინ გადადგმული ნაბიჯია, შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ გადავიდა გამოძიება. ახლა დაველოდოთ გამოძიებას. მგონი, მარტივი იქნება მათთვის გახსნა, უფრო ბევრი პროფესიონალია და ბევრი კარგი ხალხი მუშაობს იქ. მაგათი იმედი მაქვს. ვაპირებთ, რომ შევხვდეთ მამუკა ჭელიძეს. იქ გაიწელა გამოძიება და იმედი მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველაფერი დროულად მოხდება,"- განაცხადა გარდაცვლილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
ავტორი: სალომე უერთაშვილი