მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე და აღკვეთის ღონისძიება გადასინჯვაზე მსჯელობენ. პროკურორ ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ბრალდების მხარე მხარს დაუჭერს პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხს:
"ბრალდების მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს და სასამართლომ დღეს შეიძლება განიხილოს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი, ასევე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, ბრალდების მხარე მხარს დაუჭერს პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხს,"- აცხადებს საქმის პროკურორი.
სასამართლო დღეს 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე იმსჯელებს. ესენი არიან არასრულწლოვნები მერსედესის ავტომობილიდან, ასევე "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის 2 მგზავრი, რომლებსაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან და არაა გამორიცხული, რომ მომავალში მათ ბრალი განზრახ მკვლელობისთვისაც წარედგინოთ. ასევე, სასამართლო იმსჯელებს იმ არასრულწლოვნებზეც, რომელიც 18 ივნისის ღამეს ექვსეულის (გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე) ახლოს გადაადგილდებოდნენ და დაუკავშირდნენ მერსედესის მგზავრებს და მათი ადგილმდებარეობა აცნობეს.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.