მაშინ,როდესაც საქართველომ საკუთარი საზღვრები იმ სახელმწიფოებს გაუხსნა, სადაც ეპიდემიური მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, ვიდრე საბერძნეთში - ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა ხელისუფლებასთან შეკითხვები კიდევ ერთხელ დასვა. პასუხი მისთვის ბუნდოვანია. საბერძნეთის ელჩი საქართველოში "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ერთი თვის წინ კომუნიკაციისას მიიღო პირობა და გარანტიები,რომ ივლისში საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, ვისთვისაც თბილისი საზღვარს უპირობოდ გახსნიდა,თუმცა მოგვიანებით სიის მიღმა დარჩნენ. წერილში კი, რომელიც გასულ კვირას ბერძნული ავიაციის სააგენტომ ქართულისგან მიიღო, წერია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება 31 აგვისტომდე უცვლელი რჩება.
”ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარიდან მოვისმინეთ განმარტება. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გაგვაჩნია, გეტყვით რომ საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე პირიქით. საბერძნეთმა, შავ სიაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის,რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა, თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო. საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა.
იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით,რაც ვერ მივიღეთ.
საბერძნეთი არა მხოლოდ მწვანე ზონას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5 ჯერ უკეთესია, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთის,სადაც რეგულარული ფრენები დასაშვები გახდა. რატომაა პრობლემა, რომ გვქონდეს თვეში თუნდაც 4 ფრენა, რომ წამოვიყვანოთ საქართველოში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებში და სამუშაოებში, თვითმფრინავში დაახლოებით 150-160 ადამიანი თუ დაეტევა? ამავე დროს, ცნობილია, რომ საბერძნეთში ევროპაში ყველაზე მსხვილი ქართული დიასპორა გვყავს, ბევრი მოქალაქე გვყავს სამუშაოს უფლებით. მარტის შემდგომ ისინი საქართველოში ჩარჩნენ.
გვყავს ათასზე მეტი ადამიანი საქართველოში, ესენი არიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ოჯახის წევრები დროებითი ცხოვრების უფლების მქონეები, მათ აქვთ შიში რომ სამსახურებს დაკარგავენ. ამავდროულად, ის ფულადი გზავნილები, რომელიც საბერძნეთიდან საქართველში მოდიოდა შეჩერდა, წარმოდგენა რომ გქონდეთ ამ ციფრებზე, გეტყვით რომ გასულ წელს 200 მილიონი დოლარი შეიტანეს საბერძნეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში”, - ამბობს საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი.
ბოლო მონაცემებით, საბერძნეთი მსოფლიო პანდემიის რუკაზე 103 ადგილზეა : კორონავირუსის 4477 შემთხვევითა და 206 გარდაცვლილით. თითქმის 11 მილიონიანი ქვეყნისთვის ამ ციფრებს ათენში საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.
კოვიდპანდემიის გამო ბევრი კომპანია გაკოტრდა, მათ შორის არ არის "ეგეოსის ავიახაზები", თუმცა იმან, რომ უსაფრთხო ქვეყნების ქართულ სიაში ათენი ვერ მოხვდა, პრობლემები ბერძნულ კომპანიას მაინც შეუქმნა. კომპანიის წარმომადგენელი გვიყვება, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით დღეში ათობით ზარს პასუხობენ, პასუხი კი თავადაც არ აქვთ. ოთარ თაყაიშვილი სექტემბრამდე რეგულარული ფრენების აღდგენას არ ელოდება,თუმცა ახლა პასუხს ელის იმ განაცხადზე, რომლითაც "ეგეოსის ავიახაზები" აგვისტოში 3 ჩარტერულ რეისის განხორციელებას ითხოვს.
ის, რომ საბერძნეთისთვის ცის გახსნის მოთხოვნა დიდია, ადასტურებს დინო ბერაია ვასილიადი, რომელიც უკვე 12 წელია საბერძნეთში ტურისტულ კომპანიას ”დინტრეველს” ამუშავებს. ჰყვება, რომ ვიდრე ტურისტული კომპანიები სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, საბერძნეთში გაჩნდნენ ბიზნესმენები, რომლებიც მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლას თურქეთის გავლით, ავტომობილით სთავაზობენ, რაც არალეგალურია და არავის ურჩევს.
ეკონომიკის მინისტრისთვის გასაგებია, რომ საქართველოს ცის გახსნა ბევრს აინტერესებს და ისიც,რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ავიახაზების ამუშავებისთვის იბრძვის და სიას მალე სხვა კომპანიებიც შეუერთდება. თუმცა, როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე დიპლომატიური უწყება იმას უსვამენ ხაზს, რომ პრიორიტეტები ქვეყანას არ შეუცვლია და იგი უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაა.
საგარეო უწყების მონაცემებით, სულ ბოლოს ჩარტერული რეისი 28 ივლისს, ათენიდან შესრულდა, რომლითაც სამშობლოში 171 თანამემამულე დაბრუნდა. ისინი ახლა კარანტინში არიან. თუ როდის აღდგება ათენთან უკვე რეგულარული ფრენები, ამაზე ინფორმაციის გაცემას ხელისუფლება არ ჩქარობს.