17 ნოემბერი 2026,   10:06
ვრცლად
გენადი არველაძე: მზარდი ინტერესია შუა დერეფნის მიმართ, როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე რეგიონს მიღმაც. ჩვენი ამბიციაა, გავაორმაგოთ ტვირთგამტარუნარიანობა, რაც გამოიწვევს მეტი ტვირთის შემოსვლას, მეტი ლოგისტიკური შესაძლებლობების გაჩენას

"მზარდი ინტერესია შუა დერეფნის მიმართ, როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე რეგიონს მიღმაც, რომ აღნიშნული დერეფანი განვითარდეს, ჰქონდეს უფრო მეტი გამტარუნარიანობა. ამ კუთხით ჩვენ კოორდინირებულად, ყველა რეგიონის ყველა ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პოტენციალს ტვირთნაკადის შემდგომი ზრდის კუთხით.

"ეს არის ის პოტენციალი, რომელიც კოორდინირებულად, ყველა რეგიონის ქვეყანამ დავინახეთ, რომ აღნიშნულ დერეფანს აქვს სერიოზული პოტენციალი, რათა უფრო მეტი ტვირთნაკადი შემოვიდეს და გავიდეს დერეფანში. შესაბამისად, ჩვენ ვპასუხობთ ასევე კოორდინირებულად და შეთანხმებულად ამ ქვეყნებთან, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებით, რომელსაც ვახორციელებთ. ამ შემთხვევაში, თავის მხრივ ყაზახეთი, აზერბაიჯანის მხარე და, ასევე დადგა დღის წესრიგში, რომ საქართველომ შესაბამისად უპასუხოს ამ გამოწვევას. ამ კუთხით ჩვენ გადავდგით უკვე ნაბიჯები და მიმდინარე პროექტები გვაქვს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამასთან, მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ვაგონების დამატება - სახელმწიფო 2000-ზე მეტი სატვირთო ვაგონის შესყიდვას გეგმავს მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში.

"ჩვენ უკვე 400 ვაგონი შევისყიდეთ, 200 უკვე საქართველოშია და ორასს წლის ბოლომდე ველოდებით. დანარჩენი 1600 ვაგონის შესყიდვა განხორციელდება მომავალი ორი წლის განმავლობაში. რაც შეეხება საპორტო ინფრასტრუქტურას - განახლებული, მიმდინარე წლის 10 თვის სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული, დაახლოებით 17.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა ჩვენმა საპორტო ინფრასტრუქტურამ. ასევე 12 მილიონ ტონას შეადგენს სარკინიგზო გადაზიდვები. ეს ნიშნავს, რომ რომ ტვირთნაკადი და ტვირთბრუნვა იზრდება შუა დერეფანში. ჩვენი ამბიციაა, რომ გავაორმაგოთ ის ტვირთგამტარუნარიანობა, რომელიც ქვეყანას აქვს, რაც გამოიწვევს მეტი ტვირთის შემოსვლას, მეტი ლოგისტიკური შესაძლებლობების გაჩენას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დღის ამბები