06 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
სამეგრელოში თხილის მოსავლის ასაღებად ემზადებიან - საქართველო წელს მაღალი ხარისხის თხილის დიდ მოსავალს მიიღებს

სამეგრელოში თხილის მოსავლის მიღებამდე ცოტა დრო რჩება. ფერმერებს უკვე 4 შეწამვლა აქვთ ჩატარებული. შედეგად, საქართველო წელს მაღალი ხარისხის თხილის დიდ მოსავალს მიიღებს.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე თხილი, სავარაუდოდ, 7-9 ლარის ფარგლებში გაიყიდება და შარშანდელთან შედარებით ფასი, დაახლოებით, 3 ლარით მოიმატებს. გიორგი თოდუას განცხადებით, მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით, სავარაუდოდ 15 ათასი ტონით გაიზრდება.

სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თხილის მოსავალი ფაროსანასთან ბრძოლის პირდაპირპროპორციულია. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უკვე ზედიზედ მესამე წელია ატარებს.

თხილის მოსავლის აღების პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, დაახლოებით, 25 000 ფერმერს აერთიანებს, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული თხილის ფართობის მოცულობა 30 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს, სადაც 50 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

დღის ამბები