26 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
ბათუმი-თბილისის მე-12 ფესტივალი "ღამის სერენადები" 27 აგვისტოს გაიხსნება

პანდემიით განპირობებული რეგულაციებისა და მსოფლიოში არსებული საფესტივალო გამოცდილების გათვალისწინებით, ბათუმი-თბილისის მე-12 ფესტივალი "ღამის სერენადები" წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ბათუმში დაგეგმილ კონცერტს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით იხილავს, ხოლო თბილისის კონცერტებს "ლაივსტრიმის" საშუალებით.

საკონცერტო საღამოებზე შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები და ასევე თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერა შესდგება.

ფესტივალი ტრადიციულად გაიხსნება ქალაქ ბათუმში, 27 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე. საკონცერტო საღამო ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის – სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას  მიიღებს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტთან ერთად.

2 და 4 სექტემბერს საკონცერტო საღამოები თბილისში გაიმართება. თბილისის საკონცერტო საღამოებში მონაწილეობას მიიღებს ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი ფესტივალის საბაზო ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები", ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტები - სანდრო ნებიერიძე, ლიზა ჩხაიძე, ელენე შავერზაშვილი.

ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის, სულხან ცინცაძის 95 წლის და კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 250 წლის იუბილეები.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში შედგება 3 ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი კლასიკური ნაწარმოების საპრემიერო შესრულება:

1. სანდრო ნებიერიძის კონცერტი - სპეციალურად ბათუმი-თბილისის მეთორმეტე ფესტივალის "ღამის სერენადებისათვის", ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის დაკვეთით შექმნილი ნაწარმოების – "კონცერტი N2 ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის".

2. გიორგი შავერზაშვილის „კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის N4", რომელიც ავტორმა ფესტივალის მთავარი დირიჟორის ვახტანგ მაჭავარიანის დაკვეთით შექმნა და თავის ქალიშვილს მიუძღვნა (ფესტივალის ფარგლებში ფორტეპიანოს პარტიას სწორედ კომპოზიტორის ქალიშვილი – ელენე შავერზაშვილი შეასრულებს).

3. ჯიმშერ ჩხაიძის ნაწარმოები „სენტიმენტები" კამერული ორკესტრისა და არფისთვის, რომლის საერთაშორისო პრემიერა გერმანიაში  2011 წელს შედგა, ხოლო წლევანდელ ფესტივალზე ნაწარმოების ქართული პრემიერა გაიმართება.

დღის ამბები