17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავი - ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი რეგიონებშიც მიაგეს

გორში, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად, ტრადიციულად სანთლების აქცია გაიმართა.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. საღვთო მსახურება მეუფე ანდრიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან არსებულ გმირთა მემორიალთან აღავლინა.

ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ბათუმში, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროებიდან 17 ჯარისკაცი აჭარიდან იყო.

ქვეყნის ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში, სადაც გმირთა მემორიალთან მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინები მიიტანეს.

აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს ქუთაისშიც და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირი კაპრალის ოჯახში იმყოფებოდა. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კაპრალი დიმიტრი ჯაილოვი სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის დრო ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას.

ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. მოგვიანებით კი, აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ბერანძის საფლავზე ყვავილები მიიტანეს,

აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ფოთშიც. 2008 წელს ოკუპანტების მიერ ფოთის ნავსადგურში ჩამოგდებული ნაღმების შედეგად 12 მოქალაქე დაიღუპა და 50 -ზე მეტი დაიჭრა. რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპულები გაიხსენებს გურიაშიც.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

დღის ამბები