გიორგი შაქარშვილის საქმეზე დაკავებული "ტოიოტა ქამრის" მგზავრების ადვოკატებისთვის მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის ბრალის დამძიმება მოულოდნელი იყო.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ დაუმტკიცდება, რადგან, მისი თქმით, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.
"ოფიციალურად მას ბრალდება არ დამძიმებია. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, რა თმა უნდა, მოცემულ შემთხვევაში არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ რაიმე სახით ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდებოდა, მით უმეტეს მკვლელობასთან მიმართებაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება, შესაბამისად არანაირ მტკიცებულებაზე საუბარი არ არის, რომელიც ირიბად მაინც ვახტანგ ჩიქოვანის რაიმე შემხებლობას გამოკვეთდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მოულოდნელი იყო პროკურატურის ეს პოზიცია, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მოხერხდება ბრალდების დამტკიცება. საქმე გამოყოფილი იყო, შესაბამისად, რა მტკიცებულებები იყო მოპოვებული, ამას ჩვენ ამას უახლოეს ხანში გავეცნობით. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ დაგვხვდება, რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რაიმე სახის შემხებლობას ვახტანგ ჩიქოვანისა და გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის,"-განაცხადა ადვოკატმა.
ერთ-ერთი არასრულწლოვანის, ა.ქ-ს ადვოკატის მილერი ხარებავას თქმით, პროკურატურის განცხადება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო და, შესაბამისად, საკითხში გარკვევა ვერ მოასწრო.
"მე რამდენადაც ვიცი, იქ არავინ იყო ისეთი, ვინც ეს პიროვნება სცემა და არ ვიცი, ვერ გეტყვით. იმ ექვსისგან, ვინც იმ მანქანაში იყო, მათგან ასეთი ჩვენება ჩვენ არ გვქონდა და ცალკე გამოყოფილ საქმეზე თუ ვიღაცამ გითხრათ, არ ვიცი, ვერ გეტყვით. გავეფრთხილებინეთ, რომ უნდა წარდგენოდა ბრალი, რომ მცოდნოდა დილიდან რაღაცაში გავერკვეოდი. ფაქტის წინაშე დამაყენეს ახლა როგორც გამომძიებლებმა, ისე თქვენ,"- განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვანის, ა.ქ-ს ადვოკატმა მილერი ხარებავამ.
ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს.
მთავარმა პროკურატურამ ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულზე, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ხდება ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ასევე არასრულწლოვნებს - ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.