19 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
საქმეში ბრალდების მხარის მიმართვის საფუძველზე ჩავერთე - ბრალდებული არჩილ გაგნიძის საზოგადოებრივი ადვოკატი

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პირს არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი ალუდა ბუჩუკური  აცხადებს, რომ საქმეში ბრალდების მხარის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო.

"მომართვაში აღნიშნული იყო, რომ მოცემულ საქმეზე სავალდებულო დაცვის შემთხვევაა, რამდენადაც საქმე განსახილველია ნაფიცი მსაჯულების, რა დროსაც ადვოკატის მონაწილეობა არის სავალდებულო. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია 45-ე მუხლის "ე ქვეპუნქტის" საფუძველზე. ამავდროულად მომართვაში აღნიშნული იყო, რომ შეთანხმებით მოწვეული ადვოკატები თავს არიდებენ დაცვის განხორიციელებას. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული სავალდებულო დაცვის შემთხვევა, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, ყოველ შემთხვევაში მომართვაში ასე იყო, სწორედ ამიტომ, დაინიშნა სახელწიფოს ხარჯზე სავალდებულო დაცვის შემთხვევა," - განაცხადა არჩილ გაგნიძის სახაზინო ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა.

აღსანიშნავია, რომ სახაზინო ადვოკატის დანიშვნას ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოაკტები აპროტესტებენ.

"ჩვენ იურიდიულ დახმარების სამსახურსაც მივმართეთ, სანამ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნებოდა და შევატყობინეთ მათ რომ ვაგრძელებთ არჩილ გაგნიძის ინტერესების დაცვას მისივე თანხმობითა და მოთხოვნით. თუმცა, როგორც დღეს ცნობილი გახდა ისინი მაინც ჩაერთნენ საქმეში. მიგვაჩნია, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილებაა და მათ არ ჰქონდათ არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ჩართულიყვნენ საქმეში. ჩვენი შეფასებით, ეს ემსახურება მხოლოდ ერთს - ვინაიდან ჩვენ არ მივიღეთ მასალები და შესაბამისად, ხელი არ მოვაწერეთ გაუთქმელობაზე, ახლა ეს მასალები გადასცეს საზოგადოებრივ ადვოკატს, მოაწერინეს ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე და ახლა შეეცდებიან ეს გაავრცელონ ჩვენზეც," - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალები არ ჩაიბარეს და არც გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერეს, რის გამოც, ბრალდებულის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის ბრალი 5 პირს დაუმძიმდა.

 

 

დღის ამბები