27 სექტემბერი 2020,   01:12
ვრცლად
ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, მათ შორის მესტიასა და ყაზბეგში მართვადია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქალაქების ჩაკეტვა არ იგეგმება. 

"ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაში და ორივე უფრო დაზიანებულ რეგიონში - მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ორივეგან მართვადია. იქ ჩვენი ჯგუფები მუშაობს, დაახლოებით 10-დან 16-მდე ეპიდბრიგადაა, რომლებიც იკვლევენ. დღევანდელი რიცხვით სადღაც 2800-მდე ნიმუშია გამოკვლეული. მესტიაში ძირითადად, ინფექცია ლოკალიზებულია ლენჯერის თემში, თუმცა რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ასევე ლენჯერის თემის გარეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება არავითარი ქალაქების,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა და 1,306-ს შეადგენს. 

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა, 11 პაციენტის წყარო დადასტურებულთან კონტაქტია, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, (ორივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია), 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 3-თან მიმდინარეობს წყაროსა და კონტაქტების კვლევა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17-ით გაიზარდა და 1,085-ია.

კარანტინის რეჟიმშია 7635, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 334 ადამიანი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

დღის ამბები