მესტიისა და ყაზბეგის შემდეგ, დაკვირვების ქვეშ ახლა ქობულეთია. კორონავირუსი კაფე "ჰავანაში" მომუშავე ქალს დაუდასტურდა, რომელსაც ვიზიტორებთან ახლო შეხება ჰქონდა.
"კურიერის" ინფორმაციით, ის კაფეში მისულ სტუმრებს თერმოსკრინინგს უტარებდა. მის კონტაქტებს ინფექციონისტები იკვლევენ. რესტორნის თანამშრომლები კი ამბობენ, რომ მათ ინფიცირებულ ქალთან შეხება არ ჰქონიათ.
დაწესებულების ყველა თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი, კაფემ კი მუშაობა განაახლა. სამსახურში მეორე ცვლა გამოვიდა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთან ურთიერთობა არ ჰქონია. პარალელურად, მედიკოსები დამსვენებლებს აფრთხილებენ, - ის ვინც ბოლო დღეებში ქობულეთის კაფე "ჰავანას" სტუმრობდა და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ, აუცილებლად უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს.
აქვს თუ არა, რესტორანს სტუმრის მიღების უფლება და დაუწესდათ თუ არა, მათ რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები - ამაზე "ჰავანას" მენეჯერმა განმარტა, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგები უკვე იმყოფებოდნენ, ჩატარდა რესტორნის დეზინფექცია, შედეგად კი სტუმრების მიღება არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენს.
"მოსულები იყვნენ და დილის 8 საათზე ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები, მას შემდეგ ველოდებით პასუხებს. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა PCR კვლევა და რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. როდესაც ჩვენთან მუშაობდა, ქალბატონს არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა. ჩვენთან ყოველდღიურად მიმდინარეობდა თანაშრომლების თერმოსკრინინგი და სპეციალურ ჟურნალში ვსახავდით ხოლმე ყველას ტემპერატურას," - აცხადებს სასტუმრო "ჰავანას" მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ PCR კვლევა ჩაუტარდა ყველა ცვლის თანამშრომელს, რომლის შედეგებიც დღეს გახდება ცნობილი.