საპროტესტო აქცია "მასწავლე მომავლისთვის" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრით დასრულდა, სადაც მინისტრის მოადგილემ სოციალური პროექტების გარდა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში სექტემბრიდან სწავლის გაგრძელების პირობა მისცა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული მომავლისთვის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები დანაპირების შესრულებას დაელოდებიან.
"განათლების სამინისტროსგან იყო დაპირება, რომ შემოდგომის სეზონზე იქნება გარკვეული შეღავათები სხვა სტუდენტებისთვისაც, მარტო სოციალურად დაუცველებისთვის არა. მოლოდინის რეჟიმში ვიქნებით და თუ დავინახავთ შესაბამის ნაბიჯებს, თუ იქნება ჩვენთვის მისაღები, იქამდე არ შევაჩერებთ ბრძოლას იმ ადამიანების უფლებებისთვის, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება,"-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან მოლაპარაკება საფასურის გადავადების სქემებთან დაკავშირებით და შემოდგომის სეზონიდან სწავლის გაგრძელება ყველა სტუდენტს შეეძლება.
"შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ექნება ყველა სტუდენტს. ჩვენ ვიმუშავებთ გადავადების სქემებზე უნივერსიტეტებთან და ისინი დაშვებულები იქნებიან. მაგრამ, აქვე შევთანხმდეთ, რომ მთავარია აკადემიური მოსწრება და ჩვენ უმაღლესი განათლების ხარისხზე ვზრუნავთ. ყველა სტუდენტი, იმ პასუხისმგებლობასთან ერთად, რომ მან მოიპოვოს სწავლის საფასური, მან უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რომ მან შეასრულოს ყველა ის კრედიტი და ისწავლოს იმ მოცემულობაში, რომელიც მას აქვს დღეს საუნივერსიტეტო სივრცეში,"-განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.