26 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
ხვიჩა მღებრიშვილის ძმა ამბობს, რომ უცნობმა პირმა დაურეკა და სთხოვა, მწვავე ლაპარაკი შეეწყვიტა - ოჯახი დაკავებულის 10 დღის ვადაში გათავისუფლებას ითხოვს

3 თვით გაგრძელებული პატიმრობა - ე.წ. სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი უკანონო ტყვეობაში დატოვა. გადაწყვეტილება თითქმის 3 საათიანი პროცესის შემდეგ გამოცხადდა.

პარალელურად, 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი აქციებს აანონსებს. ისინი მთავრობას 10 დღიან ვადას აძლევენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე პატიმრობიდან იხსნან და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანონ. 

მღებრიშვილის ოჯახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

დაკავებულის ცოლი ამბობს, რომ მღებრიშვილის გათავისუფლებას ელოდა და ვარაუდობდა, რომ ხვალ ის უკვე სახლში, ოჯახთან უნდა ყოფილიყო. ხვიჩა მღებრიშვილის მეუღლე მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი იღონონ, რომ მისი ქმარი 10 დღის ვადაში გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების გამართვას გეგმავს.

"არაფერი არ დაუშავებია და საქართველოს ტერიტორიიდან აიყვანეს, სასწრაფო წესით გაათავისუფლონ. თუ თანამდებობის პირს დაიჭერენ, მთელ სამყაროს და მსოფლიოს ჩართავენ, რომ გაათავისუფლონ, რა დააშავა ხვიჩა მღებრიშვილმა?! უბრალო, არანაირი თანამდებობის მქონე პიროვნება არ არის და მხოლოდ უბრალო მოქალაქეა, ამიტომ უნდა იჯდეს 3 თვე არარსებულ საზღვრის გადაკვეთის გამო?" - აცხადებს ხვიჩა მღებრიშვილის მეუღლე.

დაკავებულის ძმა კი ამბობს, რომ ხელისუფლებას ეს საკითხი არ აინტერესებს და მხოლოდ საარჩევნოდ აპირებენ ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას.

"საერთოდ ჯარიმას იხდიდნენ როცა იჭერდნენ და ახლა პოლიტიკური გახადეს, ეტყობა. ჩვენი მთავრობა არაფერში არ ჩარეულა, როგორც ჩანს, არაფერი არ გაუკეთებიათ. ეს მიშვებული იყო, რასაც გადაწყვეტენ ცხინვალში, მათთვის სულ ერთია. ახლა ჩართულები არიან არჩევნებზე და ფიქრობენ , რომ თვენახევრის შემდეგ გამოუშვებენ არჩევნებზე და ვინმე ხმას მისცემს. ვინც კი ხმას აძლევდა, ისიც აღარ მისცემს," - ამბობს დაკავებულის ძმა.

მისივე ინფორმაციით, პირად ტელეფონზე უცნობმა მამაკაცმა დაურეკა :

"არ ვიცოდი, ვინ მირეკავდა. მთავრობა მუშაობსო, ეგეთი "რეზკი" ლაპარაკი არ გინდათ,  ნუ ამწვავებთ საქმეს, გთხოვთო, მწვავე ლაპარაკი არ უნდაო," - განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილის ძმამ.

ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე. წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს. მას, ასევე, ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების ღამურების მოპოვების მცდელობაც.

დღის ამბები