19 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
11 წლის ბავშვის ბებია მკვლელობაში მის მამას ადანაშაულებს - "ბიძამისმა თქვა, მთელი ღამე მამამისი მირეკავდა, გამოუშვი ბავშვი, უნდა მოვკლაო"

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ნათესავები მამას მოზარდის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ბავშვის ბებია დარწმუნებულია რომ მორიგი ცემისას მამაკაცმა მოზარდი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხეზე ჩამოკიდა. ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

"გუშინ ასე მითხრა, ყოველ ღამე აფეთქებული იყო ტელეფონიო, როცა მთვრალი იყოო, ბიძია მიშველე, ბიძია მიშველე, მიძახოდაო. ბიძამისს წაუყვანია სახლში, მამამისს დაუძინია, მერე ბიძამისს უთქვამს წადი, პაპიროსი და "აჩკები" დამრჩა იქო. დედამისს უთხრა, დედა ახლა პაპიროსსა და "აჩკებზე" მივდივარ სახლში და თან მეშინია მამამ არ დამინახოს, თორე მომკლავსო, ბიძამისმა თქვა, მთელი ღამე მამამისი მირეკავდა, გამოუშვი ბავშვი, უნდა მოვკლა მაინც, სულ ერთიაო. მერე დაურეკია ჩემი შვილისთვის ლანძღა, თათხა, ფულს გამომიგზავნი თუ არაო, უთქვამს არ გაღირსებ ფულსო, მაშინ თუ ფულს არ მაღირსებ, ვეღარც ამ შვილის ხმას გაიგონებო," - აცხადებს ბავშვის ბებია.

მეზობლების განცხადებით მამაკაცი წლების განმავლობაში ხშირად ეჩხუბებოდა მეუღლეს და კონფლიქტების შემდეგ ქალი თავის მშობლებთან მიდიოდა. მათი თქმით, ასე ხდებოდა მაშინაც, როდესაც უფროსი 3 გოგო პატარა იყო, რაც შეეხება უმცროს ვაჟს, როდესაც დედა ემიგრაციაში წავიდა, ის წლის და რამდენიმე თვის იყო. როგორც მეზობლები ამბობენ ბევრჯერ იყო გამოძახებული პოლიციაც.

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ბავშვის მამა 28 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები