თელავის რაიონულ სასამართლოში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული თელავის საკრებულოს დეპუტატის, მიხეილ გრემელაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროკურორი პატიმრობას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარემ მოსამართლეს 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისულფების შუამდგომლობით მიმართა.
სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც. მიხეილ გრემელაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლესა და შვილებზე არ უძალადია და არც გაუფორმებელ იარაღს ინახავდა.
საკრებულოს წევრი პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 8 ივლისს დააკავა.
ბრალდების დადასტურების შემთხვევაში გრემელაშვილს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.