აჭარის რეგიონი კვლავ კორონავირუსის ცხელ კერად იქცა, რეგიონში არსებულ ორ კლასტერს კიდევ ერთი დაემატა. COVID–19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი, 8 შემთხვევა დღეს ბათუმში გამოვლინდა. კორონავირუსი დაუდასტურდა საოჯახო სასტუმროს მეპატრონის ცოლს, რომელიც ქობულეთში სააფთიაქო ქსელ "ავერსის" თანამშრომელია.
სპეციალისტები აჭარის რეგიონიდან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ, ამ ეტაპზე ჩატარებული PCR ტესტების შესწავლა მიმდინარეობს. იდენტიფიცირებულია 60 პირი ვისაც ფარმაცევტთან კონტაქტი ჰქონდა. მათ შორის არიან "ავერსის" თანამშრომლებიც. მოძიებულია საოჯახო სასტუმროსთან პირდაპირ და ირიბ კავშირში მყოფი 150 პირიც.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მაღალი ალბათობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში იქნება. ვიდრე ვაქცინა ან მედიკამენტი გამოჩნდება COVID–19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენა და მარტივი წესების დაცვა ევალებათ. წინააღმდეგ შემთხევაში არ არის გამორიცხული საქართველომ "მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგოს.