ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალის 6 კონტაქტიდან, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, ამ ეტაპზე ვირუსი არცერთს არ უდასტურდება. თავად ახალგაზრდა ქალი რუხის მრავაპროფილურ კლინიკაში მკურნალობს.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა იმ მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.
"ახალგაზრდა მამაკაცის და ქალის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, საშუალო სიმძიმისაა. ერთთან დაფიქსირდა ორმხრივი პნევმონია, სხვა გართულებებს ადგილი არ აქვს. მათი მკურნალობა გრძელდება პროტოკოლის მიხედვით. რაც შეეხება დანარჩენ დადასტურებულ შემთხვევებს - ჯამში, ჩვენ გვყავს 5 პაციენტი, აქედან 2 უკვე გამოჯანმრთელდა და ვგეგმავთ დღის განმავლობაში გაწერას,"-განაცხადა მაია ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1487-ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი და მათი რიცხვი 1240-ია.
კორონავირუსის 18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო 11 იმპორტირებული შემთხვევაა.