რა მოხდა კლინიკა "სითი მედიქალში" - პაციენტის ოჯახის წევრები ვიდეოჩანაწერების ნახვას მოითხოვენ. 77 წლის ქალი მედპერსონალს მასზე ძალადობაში ადანაშაულებს.
პაციენტის ნათესავები ამბობენ, რომ მასალა სამართლდამცავებმა უკვე ამოიღეს, თუმცა მათთვის კადრები არავის უჩვენებია.
"ველოდებით, კადრები როდის გახდება საჯარო და ვნახავთ ამ კადრებს, არ გვინდა გადმოცემითი ინფორმაცია. ველოდებით, ასევე, ექსპერტიზის პასუხსაც,"- განაცხადა პაციენტის შვილმა.
"სითი მედიქალის" გენერალური დირექტორი ნიკა მენთეშაშვილი კი, რომელიც სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს გაეცნო, აცხადებს, რომ ცემას ან ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
"ვიდეოკადრები სრულად აქვს წაღებული პოლიციას. ოჯახის წევრებს შეუძლიათ ამ კადრების გამოთხოვა. მე არ შემიძლია გასაჯაროება, რადგან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გაფრთხილებულები ვართ, რომ კადრები არ გავასაჯაროოთ,"- განაცხადა ნიკა მენთეშაშვილმა.
სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოში აცხადებენ, რომ მათი პროცესში ჩართვა ოჯახის მიმართვის შემდეგ მოხდება.
"რეგულირების სააგენტოში არ ფიქსირდება, პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საგამოძიებო უწყების მომართვა, საკითხის შესწავლის მოთხოვნით. თუ დადასტურდა რაიმე სახის არადელიკატური ქმედების ფაქტი ჩვენ ამას განვიხილავთ,"- განაცხადეს ინსპექტირების სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ კლინიკა "სითი მედიქალში“ საგამოძებო მოქმედებები წუხელ გვიან ღამით დასრულდა. პაციენტი, 77 წლის ქალი მედპერსონალს ცემაში ადანაშაულებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ პაციენტის ოჯახის წევრები, მობილიზებული იყო პოლიცია.