მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
უცნობია, კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებს წარადგენს დღეს ბრალდების მხარე.
"კურიერის" ინფორმაციით, დღეს მოწმეები და დაზარალებულები დაიკითხებიან, ასევე დღეს სასამართლოზე წარსდგება რატი ტუსიაშვილიც, რომელიც არასრულწლოვან დაზარალებულ ნ.ხ-სთან ერთად თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა, თუმცა მათ დანიშნულების ადგილს ვერ მიაგნეს და უკან დაბრუნდნენ.
არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროტესტის ნიშნად სასამართლოში მონაწილეობის მიღება ისევ არ სურს.
"პროტესტის ნიშნად მას არ სურს მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს განხილვაში, თუმცა მე მას ავუხსენი ჩემი სასამართლოში ჩართვის სამართლებლივი საფუძველი. მე მას პერიოდულად მივაწვდი ინფორმაციას თუ როგორ განვითარდება მოვლენები,"- განაცხადა მურმან ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.