19 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
რუსთავის სამხარეო პოლიციაში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას ექსპერტიზა დასრულდა

რუსთავის სამხარეო პოლიციაში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას ექსპერტიზა დასრულდა. სპეციალისტებმა რამდენიმე შეკითხვას უნდა უპასუხონ, მათ შორის, აქვს თუ არა ავტომობილს ჯიპიარეს სისტემა და ეკუთვნის თუ არა მანქანას საბურავის კვალი, რომელიც ადგილზე ნახეს.

უკვე დადგინდა, რომ ავტომობილში ბოლოს კონდენციონერი ჩართული არ იყო. ადგილზე იმყოფებოდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი, ასევე პროკურორი.

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას ექსპერტიზა ორი საათის განმავლობაში უტარდებოდა. პროცედურის დასრულების შემდეგ, ოჯახს არაერთი კითხვა გაუჩნდა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის ინფორმაციით, მის შვილს მეხსიერების ბარათი დამაგრებული ჰქონდა მანქანის გასაღებზე, რომლის აღმოჩენაც დღეს ვერ მოხერხდა, შესაბამისად თამარ ბაჩალიაშვილის მამას აინტერესებს, სად არის აღნიშული მეხსიერების ბარათი.

"ვიდრე ფედერალური ბიურო არ ჩამოვა, რომელ ობიექტურ დასკვნაზეა საუბარი? ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო პასუხი, გაიწელა, 45 დღე გავიდა. იმედი მქონდა, იქნებ ნამუსი იქონიონ მეთქი, მაგრამ "ფლეშკაც" გამქრალია. ეგეც წაშალეს,"- უთხრა ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის მამამ. 

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, მანქანას აქვს გარკვეული დაზიანებები, თუმცა როდის აქვს მანქანას ეს დაზიანებები მიღებული უცნობია. 

"ეჭვს ბადებს, რომ ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, იყო გაჩერებული, გამორთული იყო ყველაფერი. ფანჯრები დაკეტილი იყო და კონდენციონერის გამორთული. გარდა ამისა აღმოვაჩინეთ, რომ მგზავრის მხარე იყო დაზიანებული, ბუქსირის გამოყენების მხარეც ვერ დადასტურდა რომ, რადგან გარკვეული პერიოდი არის გასული და შესაბამისად ზუსტი პასუხი, ექსპერტიზამ ვერ გაგვცა. გარდა ამისა, ავტომობილის გასაღებზე რაც იყო, მეხსიერების ბარათი არ არის, რასაც ოჯახის მხრიდან გაღიზიანება მოყვა,"-აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, განმარტებები გააკეთა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა. 

"კონკრეტული ექსპერტიზები ჩატარდა. მაგალითად, აღჭურვილი იყო თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილი Gps, ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. როგორ მუშაობს ავტომობილის ჩამკეტი და გამხსნელი მექანიზმი, რა მდგომარეობაში იყო შემთხვევის ადგილზე ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, ასევე შემთხვევის ადგილზე დატოვებული ორი პარალელური კვალი შეესაბამება თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტვიფარი შეესაბამება თუ არა ავტომობილის საბურავს. სწორედ მსგავსი ტიპის კითხვებზე პასუხების გასაცემად ჩატარდა ნივთმტკიცებების გახსნა-დათვალიერება," - აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ.

დღის ამბები