"კურიერის" ექსკლუზივი - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის თანამესაკნის სკანდალური ჩვენება, რომელითაც საქმის ახალი დეტალები ირკვევა.
ჩვენებაში კობა ჩიტიძე, რომელიც ნიკოლოზ რევაზიშვილთან ერთად საკანში 2 კვირა იმყოფებოდა, დეტალურად აღწერს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას, რომლის შესახებაც მას, მისი მტკიცებით, რევაზიშვილმა უამბო.
რევაზიშვილის ოჯახი ჩვენებას აბსურდულს უწოდებს.
ბრალდებულის ძმა ვარაუდობს, რომ ჩვენება, რომელიც გასაჯაროვდა, პროკურორის დაწერილია.
"სწორი რა არის ჩვენებაში და რა არა, ამას თუ განვიხილავთ, სწორია ჩვენებაში ის, რომ მის მეუღლეს ანი ჰქვია და შვილს - კატო. კასპში გვაქვს სახლი, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, ბავშვები წავიყვანეთ და გავარიდეთ სიტუაციას. გვეკონტაქტება ადვოკატის მეშვეობით.
ეს არის, რომელიღაც მაღალჩინოსნის - პროკურორის ჩვენება, უბრალოდ ეს ადამიანი აწერს ხელს [კობა ჩიტიძე], რადგან შეუმცირონ წლები,"- განაცხადა ნიკა რევაზიშვილის ძმამ.
სკანდალური ჩვენება 14 აგვისტოთი თარიღდება. კობა ჩიტიძე, რომელიც რევაზიშვილის თანამესაკნეა, ჰყვება 18 ივნისის ღამის დეტალებს, რომელიც, მისი მტკიცებით, რევაზიშვილმა მოუყვა.
ჩვენების მიხედვით, შემთხვევის მეორე დღეს რევაზიშვილი მივიდა ჟვანიას საცხოვრებელ სახლში და ამ შეხვედრას ესწრებოდა რევაზიშვილის მეუღლეც, თუმცა ამ ფაქტს რევაზიშვილების ოჯახი უარყოფს.
მათი განცხადებით, ნიკა ჟვანია იმყოფებოდა მხოლოდ წინა დღეს მათ სახლში.
ნიკოლოზ რევაზიშვილი ერთ-ერთია, რომელსაც გამოძიება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას ედავება.