06 სექტემბერი 2026,   11:05
ვრცლად
არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას და ილუზიას, რომ ქართველებმა კორონავირუსი დავამარცხეთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ ტვირთს არ წარმოადგენს, თუმცა ეს საზოგადოებას დამშვიდების საფუძველს არ აძლევს.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აუცილებელია მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვა ისევ გააგრძელოს.

"ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, იმ თვალსაზრისით რომ მობილობა სერიოზულად არის გაზრდილი ქვეყანაში. შიდა ტურიზმი სერიოზულად არის გაზრდილი. 38 იქნება, 30, 25 თუ 45 - ეს არ წარმოადგენს დიდ ტვირთს ჯანდაცვის სისტემისთვის. ვითარება სრულად მართვადი და კონტროლირებადია, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას და არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ჩვენ ქართველებმა დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია. არ დაგვიმარცხებია. ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, ამას ბევრი კვლევა და დაკვირვება მიუთითებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ და მოვაბეზრეთ თავი მოსახლეობას და რომელსაც, სამწუხაროდ უკვე არ იცავს მოსახლეობის უმრავლესობა, საშიშროება დადგება ფართომასშტაბიანი გავრცელებისა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები