ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით ადგილობრივები ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. რეგიონში დეფიციტია როგორც საკვები პროდუქტების, ისე მედიკამენტების. ჩაკეტილია ე.წ. გამშვები პუნქტები და ჯერჯერობით არავინ იცის, როდის მოიხსნება ეს შეზღუდვა.
ოკუპირებულ ახალგორში არსებულ მძიმე ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ახლობლები საუბრობენ:
"არც წამალი არც საჭმელი, ზოგი უპატრონოდ კვდება საერთოდ და სოფელი მარხავს, ეს ინფორმაციაც მაქვს. ახალი ჭორია და ზოგჯერ ჭორი მართლდება, რომ სექტემბერში უნდა გამოუშვან პენსიონერები, პენსიის ასაღებად," - აცხადებს ადგილობრივი.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტში კორონას გავრცელების სერიოზული საფრთხეა, ასევე ხორც-პროდუქტებისა და ცილოვანი პროდუქტების სერიოზული დეფიციტია:
"ახალგორის საავადმყოფოში გააკეთეს საკარანტინო ზონა და თუ ვინმე რუსეთის მხრიდან გადმოდის ცხინვალშიც კი, ისინიც მანდ გადმოჰყავთ. სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ პანდემია ფართო მასშტაბით გავრცელდეს. რაც შეეხება სურსათს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაც შეზღუდული იყო რუსეთიდან ცხინვალში მიმოსვლა, არ იყო ხორცპროდუქტები, ძეხვის ნასახიც კი არ იყო მაღაზიებში, პირუტყვი არაა რაიონში რომ დაკლას ვიღაცამ და გაყიდოს ხორცი. მოსახლეობას ცილოვანი საკვების სერიოზული დეფიციტი აქვს, რაც აუცილებელია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის," - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.