ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოლეგებს მიმართავს და აცხადებს, რომ თანამედროვე მედიცინის მიღწევების ერთმანეთისთვის გაზიარება მნიშვნელოვანია, ამასთან ტიკარაძე კოლეგებს მოუწოდებს, ყველანაირი სახის პრეზენტაცია იყოს ონლაინ პლატფორმაზე, რათა საფრთხე არავის ჯანმრთელობას არ დაემუქროს.
"მოგესალმებით ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებს, კოლეგებს!
ამ სახის კონფერენციები ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება.
ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.
ჩვენ, ექიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს პანდემიასთან ბრძოლისას წესების დაცვაში.
წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.