გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ციხის კადრებს მოწმეების და დაზარალებულების ადვოკატებისგან გამოხმაურება მოჰყვა, ისინი მოწმეების დაცვას ითხოვენ.
მოთხოვნა ადვოკატებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც საკანში გადაღებულ კადრებში მკვლელობაში ბრალდებულები დაშინებასა და ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.
მუქარის ადრესატები კი დაღუპულის ბიძა, საქმის მოწმეების ნაწილი და მათი ოჯახის წევრები არიან. გიორგი შაქარაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ამ კომენტარების მოსმენის შემდეგ, კითხვები აღარ რჩება, რომ დაკავებულები დამნაშავეები არიან.
განსხვავებულია მეორე მხარის პოზიცია. ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმამ დღეს კურიერს უთხრა, რომ ეს ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები იყო.
საკანში ისმის სხვა თემებიც, საუბარია ანი გაბეჩავაზე და მის მიერ მოთხოვნილ თანხაზე, გარემოებაზე, რომ ჩანთაზე დნმ არ აღმოჩნდა და ტოიოტას კიდევ ერთ, მეექვსე მგზავრზე, რომელსაც გამოძიებამ მკვლელობისთვის ბრალი არ წაუყენა.