აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, რეგიონში მომდევნო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატებას ელოდებიან. როგორც ნონა ეფაძემ "დღის კურიერში" განაცხადა, რეგიონის ჯანდაცვის სისტემა ყველა პროგნოზისთვის მზად არის.
"გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც დაკავშირებულია "დონას" კლასტერთან და უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტში მყოფ პირებს გამოუვლინდათ, ხოლო 3 შემთხვევის წყარო უცნობია.
ყველა მსურველს, ვინც თვლის, რომ იყო რაღაც შემხებლობაში უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან, შეუძლიათ ჩაიტარონ ტესტირება, როგორც ზღვისპირა პარკში განთავსებულ ბათუმსა და ქობულეთში 4 კარავში, ასევე ჩართულია ქალაქის 5 პოლიკლინიკა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსალოდნელია შემთხვევებმა მოიმატოს. ეს განპირობებულია ორი მიზეზით. პირველი იმიტომ, რომ აქტიურად მიმდინარეობს უკვე გამოვლენილი კონტაქტების ტესტირება და ასევე იზოლაცია, შესაბამისად, მათი ნაწილი შესაძლოა ხვალ პაციენტი გახდეს.
მეორე მიზეზია გაფართოებული ტესტირება, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს და ჩვენ ველოდებით ერთეულ შემთხვევებს.
დღეს გამოვლენილი 20 შემთხვევიდან, 17 ე.წ. დონას კლასტერთან დაკავშირებულია. ისინი უშუალოდ ოჯახის წევრები, ან მომხმარებლები არიან. დანარჩენი სამი ინფიცირებულის წყაროს კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება.
მიმდინარეობს დაგეგმვითი სამუშაოები იმისთვის, რომ ხვალ, ზეგ ყველა პროგნოზის, სცენარის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა გაწერილი აქვს,"- განაცხადა "დღის კურიერში" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძემ.