06 სექტემბერი 2026,   14:02
ვრცლად
თუ მოსახლეობამ პირადი დაცვის უსაფრთხოების წესების დამკვიდრება ვერ ისწავლა, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლზე ჩვენ ვერ ვიქნებით - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიურად დაძაბული სიტუაციაა და ყოველდღიურად ვლინდება კორონავირუსით ინფიცირების ისეთი შემთხვევები, რომელთა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. 

ნინო ნიჟარაძე მოსახლეობას მიმართავს, გულწრფელები იყვნენ ეპიდემიოლოგიურ სამსახურებთან ურთიერთობის დროს კონტაქტების დასახელებისა და ანამნეზის შეგროვების მომენტში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ მოსახლეობამ არ გააცნობიერა და წეს-ჩვეულებად არ აქცია იქ უმარტივესი პირადი დაცვის უსაფრთხოების წესები, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი ვერაფერს გახდება.

"დღეის მდგომარეობით, რეგიონში ნამდვილად ეპიდემიოლოგიურად დაძაბული სიტუაცია გვაქვს. გვაქვს ყოველდღიურად შემთხვევები, რომელთა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ დაზუსტების ფაზაშია. ყოველდღიურად დაახლოებით 20-25 შემთხვევა გვაქვს. ძირითადად ესენი გახლავთ სხვადასხვა მინიკლასტერებთან დაკავშირებული კონტაქტირებული პირები.

ეპიდემიოლოგიური სამსახური დღეის მდგომარეობით დაჩქარებული რეჟიმით მიედევნება ყველა დაავადებულს და მასთან კონტაქტში მყოფ პირს. სიტუაცია ამ მხრივ არის კონტროლირებადი.

ჩვენ მოსახლეობას ვთხოვთ უფრო გულწრფელები იყვნენ აღნიშნულ სამსახურებთან ურთიერთობის დროს, განსაკუთრებით კონტაქტის დასახელების მომენტში, ანამნეზის შეგროვების მომენტში, ვინაიდან ეს ძალიან გვეხმარება ინფექციის წყაროს იდენტიფიცირებისათვის.

რაც შეეხება შეზღუდვის ღონისძიებებს, პრაქტიკულად ის შედეგი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს იყო ტურისტული შედეგის და ამ პერიოდში, ყველა დაცვის საშუალებების უგულებელყოფის, რაც მოსახლეობის მხრიდან იყო.

კონტროლზე ჩვენ ვგულისხმობთ თვითონ მოსახლეობის მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებს, პირადი დაცვის უსაფრთხოების წესებზე, რაც არის უმარტივესი და რაც ყველამ უნდა გავაცნობიეროთ და წეს-ჩვეულებად უნდა ვაქციოთ. მხოლოდ კონტროლის ადმინისტრირებაზე ვერ იქნება, მით უმეტეს რესპირატორული და კონტაქტური გზით გადამდები დაავადება. მოსახლეობამ უნდა ისწავლოს აღნიშნულ დაავადებასთან ერთად ცხოვრება და მართვა, შესაბამისად მომდევნო პერიოდში მაშინ, როდესაც გრიპის სეზონზე შეიძლება 2 ვირუსული დაავადების თანხლება და მათთან ბრძოლა გახდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ თუ მოსახლეობამ ამის გაკონტროლება და ამის ჩვეულებების დამკვიდრება ვერ ისწავლა, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლზე ჩვენ ვერ ვიქნებით," - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

დღის ამბები