ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენამდე მომხდარ ინციდენტს შსს იკვლევს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესწავლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, ხულოგნობის მუხლით მიმდინარეობს.
პარტია "ლელო" "ქართულ ოცნებას" და ადგილობრივ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუშინდელ ინციდენტში მონაწილე პირები, რომლებიც მერიის ააიპების თანამშრომლები და ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან, გუშინ მათთან ხელისუფლებამ მიაგზავნა. "ლელოს" საპასუხოდ "ქართული ოცნების" შტაბში ამბობენ, რომ ადამიანები ხაზარაძესთან არა საჩხუბრად, არამედ კითხვების დასასმელად მივიდნენ.
"ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე დაპირისპირება მოხდა. მამუკა ხაზარაძესა და მის თანაპარტიელებს რამდენიმე ადგილობრივი დახვდა და მას კითხვები დაუსვეს. როგორც ისინი ამბობდნენ, ეროვნულ მოძრაობას წარმოადგენენ და მამუკა ხაზარაძე, მათი მტკიცებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ებრძოდა. ამასთან, მათ ხაზარაძესთან, როგორც ბანკირთან ჰქონდათ პრეტენზიები.