ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კარავი განთავსდა, სადაც კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომის მქონე ნებისმიერ პირს სწრაფი ტესტის გაკეთება შეუძლია.
ხელისუფლების წარმომადგენლები განსაკუთრებული აქტიურობისკენ იმ პირებს მოუწოდებენ, რომელთაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონთან ჰქონდათ შეხება.
ბოლო 24 საათში იმერეთის რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის 28 შემთხვევიდან ყველა შემთხვევა ქუთაისს უკავშირდება. ინფიცირებულებს შორის არიან ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის 21 თანამშრომელი, რესტორნების ქსელ "ვენდისის" და ქუთაისის მერიის ერთ-ერთ ააიპში დასაქმებული.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ, მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა და მათი დიდი ნაწილი მოძიებულია.